ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები


ძველ ბინაში
ბინა გვქონდა დაქირავებული, ერთი წლის წინასწარ გადავიხადე. პირველად მიყვარდა გოგო ასე ძალიან, იმასაც ვუყვარდი. იმ ბინაში ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ მხოლოდ ექვსი თვე. მერე, როგორც ჩანს, მოგვბეზრდა ერთმანეთი… წამოვედი და ბინა დავუტოვე, თუმცა ვერ ვივიწყებდი, ძალიან ხშირად ვფიქრობდი მასზე… რომ გავიგე, ვიღაც ახალი კაცი ჰყავსო, სისხლმა ტვინში ამასხა. მაგ დროს ვიმალებოდი, პოლიცია მეძებდა მკვლელობაზე, მაგრამ მაინც ვერ შევძელი, რომ რაღაც არ მომემოქმედა. მაყუჩიანი იარაღი ვიშოვე და ძველი ბინისაკენ გავწიე. არ ვიცი რას ვაპირებდი… გასაღები მქონდა. წამოსვლის წინ, როცა დავშორდით, ჩემი გასაღები დავუტოვე და ალბათ არც უფიქრია, რომ მე კიდევ ერთი მექნებოდა.
მესამე სართულზე ავირბინე. ვნერვიულობდი. არ ვიცი რა მინდოდა… კარები ფრთხილად გავაღე და შევედი. საძინებლიდან რაღაც ხმები მომესმა. მივხვდი რომ მარტო არ იყო. უფრო საშინლად გავმწარდი.
ლოგინში იწვნენ და გაოგნებული სახეებით მიყურებდნენ. იარაღი ამოვიღე… ჯერ ბიჭს ვესროლე, მერე გოგოს, მერე ისევ ბიჭს და ბოლოს ისევ გოგოს. ორივე მოკვდა. კარი გარედან ჩავკეტე გასაღებით და წამოვედი.

* * *
მოდით ჩემს ნამდვილ სახელს და გვარს არ გეტყვით. შეგიძლიათ უბრალოდ დვალი დამიძახოთ. ისე ზოგი კლიშასაც მეძახის. მოკლედ, როგორც გინდათ. ერთი თვის წინ 22 წელი შემისრულდა. დაბადების დღეს ციხეში შევხვდი. უკვე შვიდი თვეა რაც აქ ვზივარ. როგორც ჩემზე ამბობენ, სასტიკი სერიული მკვლელი ვარ… თუმცა ამას არ ვეთანხმები… მე უსასტიკესი ვარ…

უცნობი
მეძინა. რაღაც ხმაურმა გამომაღვიძა. თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე. უეცრად ჩემი ტანსაცმლის კარადა გაიღო და იქიდან ვიღაც უცნობი გამოვიდა. გრძელთმიანი, წვერგაუპარსავი კაცი, შავებში გამოწყობილიყო, ხელში იარაღი ეჭირა. რაღა დასამალია და ცოტა არ იყოს შემეშინდა. თუმცა არაფერი შევიმჩნიე. უცნობმა კარადის კარი ღიად დატოვა და ოთახს ყურადღებით მოავლო თვალი. როგორც ჩანს, საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა, რადგანაც იარაღი ქამარზე მიმაგრებულ ბუდეში ჩაიდო და თითქოს გაეღიმა კიდეც. მერე მე გამომხედა, თავი დამიკრა, კარადაში შებრუნდა და კარი ფრთხილად მოიხურა. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიწექი გაკვირვებისაგან პირდაღებული და მერე, მგონი, ასევე ჩამეძინა. დილით ისღა მახსოვდა ბუნდოვნად, რომ ვიღაც იარაღიანი, წვეროსანი უცნობი მესიზმრა.

* * *
თუმცა ამ შემთხვევამ ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. მაინც ბავშვი ვიყავი… არადა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მერე უარესები მომივიდა…

სახლის სახურავზე
სახლის სახურავზე იდგა, ოთხსართულიანი სახლის. ქვემოთ უამრავი ხალხი ირეოდა, მთელი უბანი გარეთ იყო. მას არავინ იცნობდა, არავინ იცოდა, ვინ იყო და როგორ აღმოჩნდა ამ სახლის სახურავზე. ჩუმად იდგა, ხელები გაეშალა და თვალები დაეხუჭა. მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა გადმოვარდნამდე. ხალხი თანდათან მრავლდებოდა, მაგრამ ვერავინ ბედავდა ზემოთ ასვლას. არც პოლიციის გამოძახებაზე ფიქრობდნენ. იდგნენ და თითქოს ელოდებოდნენ რა მოხდებოდა. მეც იქ ვიყავი. მეც ველოდებოდი. უეცრად თვალები გაახილა, დაიხარა, თასმები შეიხსნა და ფეხსაცმელები გაიხადა. იქვე მიაწყო. მერე გასწორდა, ერთი ცისკენ აიხედა და ქვემოთ გადმოეშვა.
მისი ფეხსაცმელები, მგონი, ახლაც სახურავზე აწყვია.

უცნაური ამბავი
კუნაპეტი ღამე იდგა. ძმაკაცის დაბადების დღიდან მოვდიოდი. ტაქსი ვერ გავაჩერე და ფეხით გავუყევი გზას შინისაკენ. ქუჩაში არავინ იყო. სასტიკად ბნელოდა, მხოლოდ მთვარე თუ გამოანათებდა ხოლმე შიგადაშიგ ღრუბლებიდან. ცოტათი ციოდა კიდევაც. უეცრად ზემოდან რაღაც ჩამოვარდა და პირდაპირ ჩემ წინ დაეცა. ავიხედე, ხუთსართულიანი სახლის მხოლოდ ერთ ბინაში ბჟუტავდა მკრთალი სინათლე. მეორე სართულზე. ჯიბიდან სანთებელა ამოვიღე, ავანთე, დავიხარე და ახლადჩამოვარდნილ საგანს დავხედე. შიშისგან სუნთქვა შემეკრა… ეს მოჭრილი ხელი იყო. სისხლი წვეთავდა… ქვაფენილი წითლად შეღებილიყო.
როგორც ჩანს, მთვარესაც აინტერესებდა რა ხდებოდა და ღრუბლებს ამოფარებული ჩუმად იჭყიტებოდა. სანამ ამ ხელს ვაკვირდებოდი, მეორე სართულიდან კიდევ რაღაც გადმოაგდეს. ეს მოჭრილი ფეხი გახლდათ. ამჯერად უკვე შუქი ეცემოდა და კარგად დავაკვირდი. ორი თითი აკლდა. ძალიან ავნერვიულდი და ავკანკალდი. ფეხები არ მემორჩილებოდნენ, რომ იქაურობას გავცლოდი. ამ დროს სადარბაზოდან ვიღაც კაცი გამოვიდა, მგონი შავები ეცვა. ვერც სახე გავარჩიე კარგად. ხელში მოზრდილი პარკი ეჭირა. პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. გაუნძრევლად ვიდექი ერთ ადგილზე და ვერაფერს ვაკეთებდი.
რომ მომიახლოვდა დაიხარა, ჯერ მოჭრილი ფეხი აიღო, მერე ხელი და პარკში ჩაყარა. შემდეგ გამომხედა, ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიიტანა, რაც, ალბათ, იმას ნიშნავდა, ჩუმად იყავიო და ღამის სიბნელეში ჩაიკარგა. ერთ ხანს მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა და მერე ისიც მიწყდა. რამდენიმე წუთი ასე ვიდექი. თანდათან დავწყნარდი და სახლისაკენ განვაგრძე გზა. ჩემდა გასაკვირად, იმ ღამით ძალიან ტკბილად მეძინა და ფერად სიზმრებში ადამიანებს ვხედავდი, რომლებსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილები აკლდათ.

კარები
სახლში მარტო ვიყავი. ღამის სამი საათი იყო. მშობლები სოფელში იყვნენ წასულები. ნათესავი გარდაეცვალათ. ტელევიზორში საშინელებათა ფილმს აჩვენებდნენ ვამპირებზე. რაღაცაზე ჩხუბი მოსვლოდათ და ერთმანეთს სისხლს წოვდნენ.
ძალიან საინტერესო ფილმი იყო, მაგრამ ბოლომდე ვერ ვუყურე. გადამწყვეტ მომენტში შუქი წავიდა. ფანარი მოვიძიე და სამზარეულოსაკენ წავედი, ვფიქრობდი, მაცივარში რამე ტკბილეულს მივაგნებ და შევჭამ-თქო. შემოსასვლელი გადავკვეთე და უეცრად რაღაც ფხაკუნი შემომესმა. გავჩერდი და სმენა დავძაბე… თითქოს ვიღაც კარების კლიტეს აწვალებდა გარედან. კი შემეშინდა, მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე. სასტუმრო ოთახში შევედი, საწერი მაგიდის უჯრიდან მამაჩემის იარაღი ამოვიღე და უკან გამოვბრუნდი. ფხაკუნი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. კარებს მივუახლოვდი და იარაღი გადავტენე. გასაღები გადავატრიალე. ფანარი პირში მქონდა გაჩრილი, მომართული იარაღი კი მარჯვენა ხელში მეჭირა. კარი სწრაფად გამოვაღე და გარეთ გავიხედე. ბნელი სადარბაზო ჩემი ფანრის შუქმა გაანათა. ირგვლივ არავინ იყო. მხოლოდ პატარა, საყვარელი კნუტი შევნიშნე. როგორც ჩანს, დედა დაეკარგა და თავშესაფარს ეძებდა. მე კი გამიხეთქა გული და… არა, ამას ვერ ვაპატიებდი. სახლში შემოვიყვანე. მაშინ მეშვიდე სართულზე ვცხოვრობდი. ამასობაში შუქიც მოვიდა. იქვე შემოსასვლელში ბოთლს წავაწყდი. შიგ სწორედ ის ესხა, რაც მე მჭირდებოდა.. კნუტს ნავთი გადავასხი, ცეცხლი წავუკიდე და ფანჯრიდან გადავაგდე.

მასწავლებელი
მეათე კლასში ვიყავი. მიყვარდა სკოლაში სიარული.
ძირითადათ იმიტომ, რომ მეგობრებს ვხვდებოდი და მერე შატალოზე მივდიოდით ერთად. სწავლას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ვცდილობდი თავი არ შემერცხვინა. ყველაზე მეტად ტექნიკურ საგნებს ვერ ვიტანდი. ერთხელ ფიზიკაში საკონტროლო გვქონდა, მთელმა კლასმა გადაიწერა. შემდეგ გაკვეთილზე ნიშნები გამოგვიცხადეს. მოხუცი მასწავლებელი გვყავდა, ლიანა ერქვა, თუ არ ვცდები. ცაცია იყო. ყველამ ოთხები და ხუთები მიიღო, მე კიდე – ორი. გადაწერის დროს შეცდომები დამეშვა და თანაც შპარგალკა ჩამრჩენოდა რვეულში. ძალიან მეწყინა ორიანი. ვთხოვე, არ ჩაეწერა ჟურნალში, მაგრამ უარი მითხრა და ჩამიწერა. სიბრაზისაგან გავწითლდი, თავი ვეღარ შევიკავე, ჯიბიდან ფიქსატორიანი დანა ამოვიღე და მასწავლებელს მარცხენა ხელში ჩავარტყი მთელი ძალით. სისხლმა შადრევანივით ამოხეთქა და ის ადგილი ჟურნალში, სადაც ჩემი ნიშანი ეწერა, წითლად შეღება.

* * *
რა თქმა უნდა სკოლიდან გამრიცხეს. ძლივს გადავურჩი `მალალეტკებში` ჩაჯდომას, მამაჩემმა ძალიან ბევრი ფული გადაიხადა.

ზღვაზე
ქობულეთში ვისვენებდი. პირველად ვიყავი მშობლების გარეშე.
მე და ჩემ ორ ძმაკაცს გვერდიგვერდ ოთახები გვქონდა აღებული. ჩემი შეყვარებული ნუცაც ამ სასტუმროში ცხოვრობდა. ოღონდ, სამწუხაროდ, მარტო არ იყო, დედა და პატარა ძმა ახლდნენ. მაინც ყოველდღე ვხვდებოდით პლაჟზე, მერე კაფეებში ვპატიჟებდი, საღამოობით კი – დისკოტეკებზე.
მოკლედ, სულ ერთად ვიყავით რა.
ერთ მშვენიერ მზიან დღეს კენჭებზე ვიწექი და ვირუჯებოდი. შიგადაშიგ შეყვარებულს ვუცქერდი, რომელიც იქვე, ნაპირთან ახლოს ცურაობდა. უცებ შევნიშნე, რომ რამდენიმე ბიჭი მიუახლოვდა. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებულად ცუდად უყურებდა. წყალიც კი შეაწუწა. ნუცამ თავი აარიდა და გაცურა. მერე საერთოდ ამოვიდა წყლიდან, ჩემს გვერდით გაშალა პირსახოცი და დაწვა.
ეხლავე მოვალ-თქო ვუთხარი და იმ ბიჭისკენ წავედი. არ მინდოდა ჩხუბის წამოწყება და გარჩევები. თან ძმაკაცებთან ერთად იყო, მე კიდე არავინ არ მახლდა. ამიტომ მივედი და პირდაპირ ვეუბნები:
– ძმაო, შევეჯიბროთ.
– რაა? – უხეშად მიპასუხა.
არ შევიმჩნიე და გავაგრძელე.
– გავცუროთ რა, მაზიანზე.
– ბაზარი არაა, – გაეღიმა, – ისე, რო იცოდე, საქართველოს სამგზის ჩემპიონი ვარ ცურვაში.
– მე ნოლგზის, – მივუგე ირონიულად, – ას დოლარზე.
– მოსულა, ჩაბარება როდის?
– დღეს საღამოს, – ხელი ჩავურტყი და გავცურეთ.
რა თქმა უნდა, გამასწრო. შორს გავედით. ნაპირი თითქმის აღარ ჩანდა. იმ ბიჭს ვანიშნე, მოიგე-თქო. გაჩერდა, მე კი ღრმად ჩავყვინთე. დიდ ხანს შემეძლო სუნთქვის შეკავება. მის ზურგს უკან ამოვყვინთე. ხელები ყელში წავავლე და იქამდე მეჭირა ასე, სანამ არ დაიღრჩო. ხელი გავუშვი და ერთი ათი-თხუთმეტი წუთი ზურგზე ვიწექი. ის ნელ-ნელა იძირებოდა. საქართველოს სამგზის ჩემპიონი. ალბათ, უკვე ფსკერზე იქნებოდა, როცა უკან გამოვბრუნდი და განგაში ავტეხე. არ ვიცი, რა დაემართა, ჩაყვინთა და აღარ ამოუყვინთავს-თქო. მე წინ ვიყავი, ის უკან იყო და კარგად ვერ ვხედავდი-თქო. მაგის ძმაკაცები ძალიან დაბნეულები ჩანდნენ, თუმცა ჩემთვის არაფერი უკითხავთ და არც მე დავიწყე ახსნა-განმარტებები. უსიტყვოდ გავოწოდე ერთ-ერთ მათგანს ას დოლარიანი და ჩემი სასტუმროსკენ გავწიე წყნარად.
ქობულეთში თვის ბოლომდე დავრჩი. მშვენიერი ზაფხული
იყო.

* * *
ეხლა ტყეში ვარ. უკვე ორი დღეა, რაც ციხიდან გამოვიქეცი. ალბათ, მალე მომაგნებენ, მაგრამ არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ჩემი ჩანაწერების ბლოკნოტი თან გამოვიყოლე, რაღაც ძველი ფანქარიც მაქვს და მგონი ჯობია წერა განვაგრძო.

უბედური შემთხვევა
ზაფხული იყო. ცხელი ზაფხული. წყნეთში ვიყავით, ძმაკაცის აგარაკზე. ორსართულიანი სახლი ჰქონდა დიდი მანსარდითა და გრილი ვერანდით. თუმცა იმ დღეს ისე ცხელოდა, ვერანდაზე გაჩერებაც შეუძლებელი გახდა. მეორე სართულზე ჯოკერს ვთამაშობდით და მუსიკას ვუსმენდით. მგონი, ემინემს. თამაში მალე მომბეზდა და ადგილი ერთ-ერთ გოგონას დავუთმე, რომელიც ოთხეულში ვერ მოხვედრილიყო. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. ხელში დანას ვათამაშებდი. მართლაც ძალიან ცხელოდა. უეცრად დანა შემთხვევით ხელიდან გამივარდა. სწრაფად დაეშვა ქვემოთ. ამ დროს სახლს მოხუცი მემაწვნე ქალი მოსდგომოდა. ის იყო, აპირებდა დაეყვირა, `მაწონი, მაწონიო`, რომ ჩემი დანა ყელში მოხვდა. ძალიან დამწყდა გული… მაწვნის ქილებით სავსე ჩანთა ხელიდან გაუვარდა და სულ დაემსხვრა. არადა, როგორც მერე გავიგე, მთელ წყნეთში ეს ყველაზე კარგი მაწონი ყოფილა.

* * *
ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ მამაჩემმა, მგონი, მაშინაც ბევრი ფული დახარჯა. რავი, მემაწვნის შვილებს დიდი პრეტენზიები აღარ გაჩენიათ.

სასტიკი მკვლელობა
მოვკალი. ბოლო დროს ძალიან მიშლიდა ნერვებს. იმ ღამით მაინც განსაკუთრებულად გამაგიჟა და მოვკალი. გულში გავუყარე დანა. მერე კი გაცოფებულმა ხელები, ფეხები, ფეხის რამოდენიმე თითი და თავი მოვაჭერი. სულ სისხლში ვიყავი ამოსვრილი. სააბაზანოში გავედი და ცოტა მოვწესრიგდი. სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავის შემეშინდა, ისე საშინლად გამოვიყურებოდი. ოთახში დავბრუნდი. მხოლოდ ერთი პატარა ნათურა ბჟუტავდა. სხეულის მოჭრილი ნაწილები ხალიჩაზე ეყარა. ფანჯარა ღია იყო და გარედან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ბნელოდა. მთვარე ღრუბლებს ამოფარებოდა. უეცრად ჩემ თავზე გავბრაზდი. კარგი, მოვკალი – მოვკალი, ნაწილებად რაღას ვჭრიდი-თქო. ახლა ამის შეგროვება და გადაყრა არ გინდოდა?!
გაბრაზებული ერთ-ერთ მოჭრილ ხელს დავწვდი და ფანჯრიდან მოვისროლე. რამდენიმე წამში ერთი ფეხიც მივაყოლე. ამან ცოტათი დამაწყნარა. რაღაც დიდი, ტომარასავით პარკი ვიპოვე, ყველაფერი შიგნით ჩავყარე, ჩემი შავი ქურთუკი მოვისხი და ქვემოთ ჩავედი. სადარბაზოს მახლობლად ვიღაც ყმაწვილი შევნიშნე. გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე და მომჩერებოდა. მივუახლოვდი, დავიხარე, ჩემი გადმოყრილი ხელი და ფეხი ავიღე და პარკში ჩავყარე. თან ამ ყმაწვილს ავხედე, საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე, ვანიშნე ჩუმად იყავი-თქო და იქაურობას გავეცალე.

* * *
ერთი პირობა კი ვიფიქრე, ის ბიჭიც მომეკლა, მაგრამ მერე
გადავწყვიტე, რომ არ ღირდა. იქნებ კიდევ ერთი დიდი მკვლელი ეზრდებოდა ჩვენ ქვეყანას მისი სახით.
ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა ის შემთხვევა, ჩემს ყოფილ გოგოსთან და იმის ახალ ბიჭთან დაკავშირებული.

მერსედესი
ამ გოგოს ბავშვობიდან ვერ ვიტანდი. საზიზღარი ტიპი იყო. ცამეტი წლიდან უკვე რაღაცნაირად ქალურობდა და ეზოშიც აღარ ჩამოდიოდა ისე ხშირად. ჩვიდმეტი წლისა გათხოვდა კიდეც. ორსულად იყო. ისე მოხდა, რომ ქუჩაში შემხვდა. გადავკოცნე და მოვიკითხე. გადასასვლელზე ერთად გვიწევდა გადასვლა. უეცრად შევნიშნე, რომ ვერცხლისფერი მერსედესი მოქროდა ძალიან სწრაფად. იმ წამსვე დამებადა ჩემებური, საინტერესო იდეა. გოგოს უკნიდან, ვითომდა შემთხვევით ხელი ვკარი და ისიც პირდაპირ მანქანის ბორბლებ ქვეშ აღმოჩნდა.  დაიღუპა. ჩემზე ეჭვი არავის აუღია, ყველამ ჩათვალა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. მე კი არც ერთი პანაშვიდი არ გამიცდენია.

სუბოტექსი
იჩხირავდნენ. სუბოტექსს. ჩემი უბნელი, ჩემ თვალწინ გაზდილი ოთხი, თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ბიჭი. მთელ დღეებს იმაზე ფიქრში ატარებდნენ, ფული სად ეშოვათ, ბოლოს ძლივსძლიობით შოულობდნენ, ყიდულობდნენ ერთ აბს და ერთად იჩხირავდნენ. ვერ ვუძლებდი იმათი გამოშტერებული, გამოთაყვანებული სახეების ყურებას. ძალიან მწყდებოდა მათზე გული, მაგრამ ვიცოდი, რომ აღარაფერი აღარ ეშველებოდათ.
ერთხელ ჩემს სადარბაზოში წავასწარი. ოთხივე ერთად იყვნენ. რაღა თქმა უნდა, გაჩხერვას აპირებდნენ. ამოვიღე იარაღი და ოთხივეს სამ-სამი ტყვია ვესროლე გულში.
სუბოტექსის დედა…

* * *
ეჰ, მგონი მომაგნეს. ძაღლების ყეფა და რაღაც საეჭვო ხმები მესმის. ალბათ, მომკლავენ. მე არავითარ შემთხვევაში არ ჩავბარდები და ალბათ მესვრიან. შეიძლება, მეც მოვახერხო ერთი-ორის დაჭრა მაინც. კარგი გრძელი დანა მაქვს. არ ვიცი, რა მოხდება… იქამდე კი ჯერ ჩუმად ვზივარ და ამ ჩანაწერს ვაკეთებ. თუ ჩემი მოგონებები ამით მთავრდება, ესე იგი, მომკლეს, ხოლო თუ არა… გაგრძელება იქნება…

ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები 2

77.
ბავშვობის ძმაკაცთან ვიყავი. ნიკუშასთან. სანამ მე სხვაგან გადავიდოდი, ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით. ოთხ სართულიან სახლში. იმ დღეს მასთან ვაპირებდი დარჩენას. ლუდს ვსვამდით და ფეხბურთს ვუყურებდით. მანჩესტერი თამაშობდა, ჩემი საყვარელი გუნდი. შესვენების დროს ნიკუშამ არხების გადათვალიერება დაიწყო. სადღაც საინფორმაციო გამოშვებას წააწყდა და გააჩერა.
პირდაპირი ჩართვა იყო ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორნიდან. მაგიდებს შორის პოლიციელები დარბოდნენ, ექიმებს საკაცეებით გაყავდათ დაშავებულები, ჟურნალისტი გოგონა კი სხაპასხუპით ლაპარაკობდა:
– მოკლულია თოთხმეტი და დაჭრილია შვიდი ადამიანი.
ამათგან ორი დაღუპული ქალია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ეს ყველაფერი ახალგაზრდა, გამხდარმა, შავგვრემანმა ბიჭმა ჩაიდინა, რომელიც რესტორანში უეცრად შევარდა გინებით და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა. ისროლა რამდენიმე დანაც. უკვე მიმდინარეობს მუშაობა მის
ფოტორობოტზე. ეჭვმიტანილის ადგილზე დაკავება ვერ მოხერხდა. მან მოასწრო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. იმედი ვიქონიოთ, რომ…
ტელევიზორს ლუდის ბოთლი ვესროლე. აფეთქდა. ნიკუშამ თავი ჩაღუნა და უკომენტაროდ გავიდა ოთახიდან. თვალები დავხუჭე და ჩავფიქრდი. ალბათ ერთი საათი მაინც ვიყავი ასე. ყველა მკვლელობა გავიხსენე, რაც კი ჩამედინა. სულ 76 გამოვიდა. ერთიღა რჩებოდა 77-მდე. ბავშვობიდან მიყვარდა ციფრი შვიდიანი. ვხვდებოდი, რომ მალე დამიჭერდნენ… გადავწყვიტე 77-ე მკვლელობაც განმეხორციელებინა. თუმცა ვინ უნდა მომეკლა? გარეთ ვერც გავიდოდი, ძაღლები ყველა ქუჩის კუთხეში იყვნენ ჩასაფრებულნი. უეცრად მაგარი აზრი მომივიდა.  ნიკუშასთვის არაფერი მითქვამს, ისე გამოვედი სახლიდან და არც ისე გრძელი კიბით (სახლი ოთხ სართულიანი იყო), სახურავზე ავედი…

ქვა
ბავშვობაში ერთი გოგო მომწონდა უბანში, თიკო. ის კიდე სხვისი შეყვარებული იყო, ლევანის. ჩემი მეზობლის. ბევრი ვიფიქრე, რა მექნა და ბოლოს ლევანის შეშინება გადავწყვიტე.
ერთ დილას ადრე გავიღვიძე და ეზოში გავედი. მოზრდილი ქვა ვიპოვე და ზედ წინასწარ გამზადებული ფურცელი შემოვახვიე, რომელზეც ეწერა: თიკოს თავი დაანებე, თორე დაგერხევა!!!  მერე მისი საძინებლის ფანჯარასთან მივედი და ქვა ვესროლე.
ფანჯარა ხმაურით ჩატყდა, მე კი ჩუმად მოვტყდი იქიდან. ჩემ სადარბაზოში დავიმალე. რამდენიმე წუთში სირენების ხმა მომესმა. კინაღამ გული გამისკდა. პოლიცია მეგონა, მაგრამ სასწრაფო აღმოჩნდა. თეთრ ხალათიანები ლევანის სადარბაზოში შეცვივდნენ. ვერც ვიფიქრებდი, ეს ყველაფერი ჩემ გამო თუ ხდებოდა, თუმცა რამდენიმე წუთში საკაცით ლევანი გამოიტანეს. თავი შუაზე ქონდა გადახსნილი. ბევრს ეცადნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ამბავი ასე თუ დამთავრდებოდა, ვერც კი წარმომედგინა, მეგონა ქვა უბრალოდ იატაკზე დავარდებოდა. ეგ წაიკითხავდა და თიკოს თავს დაანებებდა. თუმცა პირდაპირ თავში მოხვდა. ძალით ნამდვილად არ მინდოდა.
თვე ნახევრის შემდეგ თიკო ჩემი შეყვარებული გახდა. ლევანი არცერთს აღარ გვახსოვდა.

ფეხბურთი
ფეხბურთს ვთამაშობდით. მაზიანზე. უბანი უბანზე. ექვსამდე. ოთხი-ოთხზე მეკარეების ჩათვლით. იმათ უბანში ვიყავით. პატარა მოედანი ჰქონდათ. ჯერ მარტი იყო, თანაც საკმაოდ სუსხიანი, მაგრამ მაინც შორტები და მოკლესახელოებიანი მაისური მეცვა. სუფთა საფეხბურთო განწყობაზე ვიყავი და წაგებას, ალბათ, ვერ შევეგუებოდი. არადა, აშკარად ჩვენზე ძლიერები იყვნენ. თხუთმეტ წუთში უკვე ოთხი გოლი გაგვიტანეს, ჩვენ კი საპასუხოდ მხოლოდ ერთი. ვცდილობდი შეტევა წამომეწყო, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ჩემი მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსებოდა. მეხუთე რო შეგვიგდეს, თავი ვეღარ მოვთოკე. გეტრები ჩავიწიე, შიტოკებში შენახული დანა ამოვიღე და გავშალე. ირგვლივ უამრავ გაკვირვებულ სახეს მოვკარი თვალი, მაგრამ იმ წუთში არაფერი არ მაინტერესებდა. ჯერ იმას დავარტყი, ვინც ბოლო ბურთი გაგვიტანა, მერე მეკარესთან მივვარდი და მუხლში გავუყარე. დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს. მე კი გაშმაგებულმა, გაშლილი დანით ხელში, ხუთი გოლი შევაგდე ცარიელ კარში, რომლის მარჯვენა ძელთანაც დაჭრილი მეკარე ეგდო. ბოლოს ბურთიც გავხეთქე და შინ გამარჯვებულები დავბრუნდით.

მასწავლებელი
მეათე კლასში ვიყავი. მიყვარდა სკოლაში სიარული. ძირითადათ იმიტომ, რომ მეგობრებს ვხვდებოდი და მერე შატალოზე მივდიოდით ერთად. სწავლას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ვცდილობდი თავი არ შემერცხვინა.
ყველაზე მეტად ტექნიკურ საგნებს ვერ ვიტანდი. ერთხელ ფიზიკაში საკონტროლო გვქონდა…

* * *
უი, უკაცრავად, ეს შემთხვევა მგონი უკვე მოყოლილი მაქვს.

ბავშვებს ვიტაცებ
ძაღლი იყო. გავიცანი თუ არა, მაშინვე შვატყვე. მაგათ ერთი შეხედვით ვცნობ ხოლმე რა. ეს ძაან მონდომებით ცდილობდა დაემალა, რას წარმოადგენდა სინამდვილეში, მაგრამ ჩემი მოტყუება მაინც ძნელია. ასაკით ტოლები ვიყავით. მაგრად ჩაგვიძმაკაცდა. ვხვდებოდით, რომ ჩემზე მუშაობდა და იასნია, არაფერი არ შეგვშლია. პირიქით…
ერთი მიტოვებული საწყობი მეგულებოდა. სწორედ იქ შევკრიბე მთელი საძმაკაცო. ოპერაცია უნდა დაგვეგეგმა.
უკვე ყველაფერი მოფიქრებული მქონდა. გრძელი სიტყვით გამოვედი. ვილაპარაკე, რომ გადაწყვეტილი მაქვს ძალიან დიდი ფულის შოვნა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თანაბრად გავიყოფთ და რომ ამ ფულს ვიშოვით ბავშვების მოტაცების გზით.
შვიდ ბავშვს ვიტაცებთ-თქო, 14-15 წლის გოგონებს. ამ საწყობში დავმალავთ და გამოსასყიდს მოვითხოვთ-თქო. ყველას რაღაც როლი ერგო ამ საქმეში, მაგასაც. ფული მივეცი და დავაბარე, დაახლოებით იმ დროისთვის, როცა უკვე საწყობში გვეყოლებოდა ყველა ბავშვი, უნდა მოეტანა ბევრი საკვები, ერთი-ორი კვირის სამყოფი ათი კაცისთვის. მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩა დავალებით, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა…
ოპერაციის დღეს ყველაფერი კარგად ჩატარდა. სამი მანქანით ვმოძრაობდით. ქალაქის სხვადასხვა წერტილებიდან მოვიტაცეთ შვიდი გოგონა. მანაც ხუთიანზე შეასრულა თავის დავალება. ზუსტად დანიშნულ დროს მიადგა საწყობს, ოღონდ ოცდახუთი პოლიციის მანქანის თანხლებით. მოპირდაპირე შენობების სახურავებზე სნაიპერებიც კი ისხდნენ. სასწრაფოდ შეამტვრიეს საწყობის კარი და წარმოიდგინეთ მათი გაკვირვება, როცა შიგნით არავინ დახვდათ…
მე ამ დროს კინოში ვიჯექი. შვიდ ბავშვთან ერთად, რომლებიც ვითომდა მოვიტაცეთ. ჩემი ძმაკაცის დეიდაშვილის კლასელები იყვნენ. დახმარება ვთხოვეთ და დაგვთანხმდნენ. წინასწარ გვყავდნენ გაფრთხილებულები, თუ სად და როდის უნდა მდგარიყვნენ. ჩვენ ჩავივლიდით და მანქანაში ჩავისვამდით… მშვენიერი დრო გავატარე კინოში. ფილმიც კარგი იყო.
ის, რა თქმა უნდა, იმ დღესვე გააგდეს სამსახურიდან. ჩვენთანაც აღარ გამოჩენილა. გვემალებოდა. იცოდა, რომ ვერ გადამირჩებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ქუჩაში ვნახე. უბნის სასტავს ყავდა გამოჭერილი. ფეხქვეშ გაეფინათ და მაგრად ცემდნენ. ალბათ, სასიკვდილოდ. საერთოდ, ყველა ბოზი ძაღლის ბოლო ასეთია, მითუმეტეს, თუ თავიდანვე ბოზობით იწყებს…

ერთი, ორი, სამი…
მე და ნიკუშა ვიყავით. სკამზე გვყავდა მიბმული. პირში ჩემი იარაღი ედო.
– ან იტყვი, ან სამამდე ვითვლი, – დავიღრიალე მე.
უარის ნიშნად თავი გააქნია.
– ერთი, ორი, სამი…
ჩახმახს გამოვკარი…

* * *
ახლა შუაღამეა. რატომღაც გამომეღვიძა. თავში ეს ამბავი მიტრიალებდა. რის გამო მოხდა ან როგორ დამთავრდა, არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მოხდა.

77..
თერთმეტი წელი ვიცხოვრე ამ სახლში, თუმცა სახურავზე არასდროს ვყოფილვარ. პირველი რაც თვალში მომხვდა, ძველი, გახუნებული ფეხსაცმელები იყო. მაშინვე გამახსენდა, ვისაც დაეტოვებინა… თავის დროზე მასაც ისეთივე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, როგორიც იმ დღეს მე. მას გამოუვიდა. დარწმუნებული ვიყავი, მეც გამომივიდოდა. მე თვითონ ვიქნებოდი ჩემი უკანასკნელი მსხვერპლი და 77 მკვლელობით დავტოვებდი ამ ქვეყანას…

პირობა
– ძალიან გთხოვ რა, აი, პროსტა ძალიან, არავინ აღარ მოკლა რა. იმაზე ფიქრი აღარ შემიძლია, რომ შენ ვიღაცეებს კლავ. – ცრემლები მოიწმინდა, – ამის გამო მაინც ვერ დაგშორდები, იმიტომ, რომ ძაან მიყვარხარ, მაგრამ ეს ერთი რაღაც შემისრულე რა.
მაშინ ერთად ვცხოვრობდით. მართლა გვიყვარდა ერთმანეთი.
– კარგი, – ჯერ ბოლომდე არ მქონდა შეტოპილი, ვფიქრობდი, რომ შემეძლო შეჩერება. – შენი გულისთვის მე ყველაფრს გავაკეთებ.
ჩამეხუტა.
– მართლა?
– პირობას გაძლევ, არასდროს არავის აღარ მოვკლავ.
– მიყვარხარ, – უფრო მაგრად ჩამეხუტა და მაკოცა. – და კიდე იცი რაა, ეს ნივთი მოაშორე რა აქედან.
იმ დილით რაღაც ნაჯახი ვიპოვე სახლში. მაგაზე მეუბნებოდა. მაგიდზე დამეტოვებინა შემთხვევით.
– ეეს? ამას საერთოდ გადავაგდებ! – წამოვიყვირე, ნაჯახს დავავლე ხელი და პირდაპირ ფანჯრიდან გადავუშვი.
გამაყრუებელი კივილის ხმა… ბედი არ მაქვს რა… ხო შეიძლებოდა ქვემოთ არავინ ყოფილიყო?! ვიღაც კაცი… ზურგში დაეცა. რაღა მაინცდამაინც ჩემი ფანჯრის ქვეშ დაიხარა ზონრის შესაკრავად და რაღა მაინცდამიანც იმ დროს?! არა, ნამდვილად არ მაქვს რა ბედი…

ჩანგალი
დილაადრიან ბიჭებმა გამაღვიძეს. მეძახდნენ, ჩხუბი გვაქვს და
ჩამოდიო. უცბად ჩავიცვი, ხელ-პირი დავიბანე და ქვემოთ ჩავირბინე. სისწრაფეში დანას ვერ მივაგენი და ჩანგალი გავიყოლე თან. საქმე გავარჩიეთ და ჩხუბამდე აღარ მივიდა. მე ბიჭებს გამოვემშვიდობე და ჩემი შეყვარებულის სანახავად წავედი. მთელი დღე ეცალა და გადაწყვეტილი გვქონდა, საღამომდე ერთად ვყოფილიყავით. ბევრი ვიბოდიალეთ, რესტორანში ვისადილეთ და ბოლოს, როცა უკვე მზე ჩავიდა და მთვარემაც ამოყო თავი, მისი სახლისკენ გავუყევით გზას
ნელ-ნელა, ფეხით. ის იყო უკვე მის ქუჩაზე შევუხვიეთ, რომ გვერდით ვიღაც ბიჭმა ჩაგვიარა. მოულოდნელად ჩემს შეყვარებულს ჩანთა გამოსტაცა ხელიდან და გაიქცა. ძალიან სწრაფად გარბოდა. მივხვდი, რომ ვერ დავეწეოდი. ჯიბეები მოვიჩხრიკე. იარაღი არ მქონდა წამოღებული, არც დანა. ერთადერთი, რაც ხელში მომხვდა, ჩანგალი იყო. დილას მერე ჯიბეში მედო. ამოვიღე და იმ ბიჭს ვესროლე. ბედად უეცრად უკან გამოიხედა და ჩანგალი პირდაპირ მარჯვენა თვალში მოხვდა. მგონი ქალაქის ყველა უბანში გაიგეს მისი ღრიალი… უგონოდ დაეცა ძირს. მე სასწრაფოდ მივუახლოვდი, ჩანთა ავიღე, შეყვარებულს ხელი გადავხვიე და გზა განვაგრძეთ.
მერე, მახსოვს, ბებიაჩემი მთელ სახლში დაეძებდა, ახალ დანა-ჩანგლის კომპლექტს ერთი ჩანგალი აკლიაო.

მეოთხე ოთახი
`ოთხი ოთახი` ნანახი გაქვთ? მაგარი ფილმია ძაან. რაც იქ ხდება მეოთხე ოთახში, ტარანტინოს გადაღებული რომელიცაა,
ფაქტიურად ჩვენც იგივე მოგვივიდა.
ბაკურიანში ვიყავით ძმაკაცები. სასტუმროში. ჩვენი ოთახის ნომერი ოთხიანი გახლდათ, თუ არ ვცდები. საოცარი დამთხვევაა. ჰოდა, იმ დღეს მაგრად დავთვერით და ერეკლემ თქვა, მოდი რამე საკაიფო ვქნათო რა. მერე სანთებელა ამოიღო და ვინც ამას ათჯერ ზედიზედ აანთებს, ჩემ პორშეს ვჩუქნიო გამოაცხადა. მაშინვე `ოთხი ოთახი` მომაგონდა. უეჭველი ამასაც იქიდან ახსოვდა.
ოღონდ თუ ვერ აანთებს, მაშინ ნეკა თითი მოეჭრებაო.
მე, გიომ და ნიკუშამ ჯერ ერთმანეთს გადავხედეთ, მერე ერეკლეს.
მინდოდა პორშე და ჩემი ნეკა თითი დავიკიდე. სანთებელა გამოვართვი. ერეკლემ გრძელი დანა ამოიღო და ჩემ თითს დაადო. ავნერვიულდი, მაგრამ ბოლომდე დავიკიდე და დავიწყე.
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა და… ათი. ბოლომდე გამიმართლა.
ის სანთებელა ახლაც შენახული მაქვს, პორშე კი მალევე დავლეწე.

მარშუტკა
ციხეში ჯდომა მირჩევნია რა, მარშუტკაში ჯდომას. რაღაც საზიზღარი სუნი მაინც არ დგას. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც მიწევდა მარშუტკით მგზავრობა. იმ დღესაც სადღაც მივდიოდი. საერთოდ, როგორც წესი, ფულს არ ვიხდიდი ხოლმე. არც იმ დღეს გადავიხადე და პირდაპირ ჩავედი. უეცრად გავიგონე, რომ მძღოლმა შეიგინა. ვერ მოვითმინე. ჯიბიდან ორმოცდაათთეთრიანი ამოვიღე, ქამრიდან კი იარაღი. ხურდა ფული ავაგდე, იარაღი ზუსტად დავუმიზნე და გავისროლე. შუბლში მოხვდა. თავი საჭეზე ჩამოუვარდა. მელოტ კეფაზე, ყვითელი მონეტა მოჩანდა.
* * *
არ ჯობდა ჩუმად ყოფილიყო? ვინმემ არ თქვას, რომ მე ვარ დამნაშავე ამ ამბავში. მარშუტკის მძღოლებო! ფრთხილად იყავით. უფრთხილდით ჩემნაირებს.

სისხლიანი საღამო
უკვე ძალიან ღრმად შევტოპე. საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. იმ საღამოს ნიკუშასთან ვაპირებდი ასვლას ფეხბურთის საყურებლად. მანჩესტერი თამაშობდა. იქამდე კი ქუჩებში დავბოდიალობდი უაზროდ. მომშივდა. იქვე ერთი დიდი რესტორანი შევნიშნე და შესვლა გადავწყვიტე. შესასვლელში დაცვამ გამაჩერა. უნდა გაგჩხრიკოთო. არადა სამი სასროლი და ორი დანა მედო. უარი ვუთხარი. მაშინ აქ ვერ შემოხვალო. ძაან ნერვებზე ვიყავი და მოთმინების ძაფი წყდებოდა. მეთქი, გეუბნები არაფერი არ მაქვს და სიტყვაზე არ მენდობი-თქო და არაო, იმ ნაბიჭვარმა. ჰოდა, მაშინ, შენი დედაც მოვტყან-თქო. ამოვიღე და ვესროლე. მაგასაც, დაცვის სხვა წევრებსაც და ხალხსაც. თან ვიგინებოდი და თან ვისროდი. უმისამართოდ. ტყვიები რომ გათავდა სასროლებში, დანები ამოვიღე. ერთი ვიღაცას გავუყარე, ერთი ვისროლე და მერე მოვხიე. თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი. ცხოვრებაში არასდროს ჩამიდენია ასეთი უაზრობა. რამდენი უდანაშაულო ადამიანი მოვკალი. ასე სირბილით მივედი ნიკუშას სახლამდე. იქ ცოტა დავწყნარდი და ფეხბურთსაც ვუყურე…

77…
ქვემოთ უამრავი ხალხი ირეოდა. მთელი უბანი გარეთ იყო. ბევრი, ალბათ, ვერავინ მცნობდა. უკვე დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც იქიდან გადავედი. ალბათ ხვდებოდნენ, რატომაც ვიდექი სახურავზე. ხელები გავშალე და სახე ნიავს შევუშვირე. ხალხი თანდათან მრავლდებოდა. ზემოთ ამოსვლას ვერავინ ბედავდა. იდგნენ და თითქოს ელოდებოდნენ რა მოხდებოდა. დავიხარე, თასმები შევიხსენი, ფეხსაცმელები გავიხადე და იქვე მივაწყვე. ძველი, გახუნებულების გვერდით. სირენები გამაყრუებლად კიოდნენ. ყველაფერი წამებში მოხდა. სახურავზეც მოესწროთ ამოსვლა. სასწრაფოდ მომვარდნენ, ძირს დამაგდეს და ხელბოკილები გამიკეთეს. მერე იყო სასამართლო, 127 წელი მომისაჯეს. მერე კი ციხე.
ეჰ, ვერ მოვახერხე 77-ე…

* * *
ციხეში წყნარად ვცხოვრობდი. არავინ მაწუხებდა და არც მე ვაწუხებდი ვინმეს. ასე რომ, იქ არავინ მომიკლავს. ძირითადად ვწერდი და ვკითხულობდი. პირველად სწორედ ციხეში დავიწყე ამ მოგონებების წერა. თითქმის ერთი წელი ვიჯექი, მერე კი გავიქეცი. რამდენიმე დღე ტყეში ვიმალებოდი. კინაღამ მომაგნეს, მაგრამ მოვახერხე თავის დაღწევა. ახლა სად ვარ, ვერ გეტყვით. აქ არაფერი მემუქრება, ვერავინ მიპოვის…

შემოდი
ციხის ფორმა მეცვა. დაღლილობისა და შიმშილისაგან ფეხზე ძლივს ვიდექი. თან წვიმდა. მაღაზია რომ დავინახე, საოცრად გამიხარდა და სასწრაფოდ მისკენ წავედი. `შემოდი~ ეწერა საკმაოდ დიდ აბრაზე, ჭკვიანური სახელი იყო სასურსათო მაღაზიისათვის. შევედი. ყველაფერი იყიდებოდა, რაც მე მჭირდებოდა. დახლთან ორი კაცი იდგა. მამა-შვილს ჰგავდნენ. ორივემ ეჭვის თვალით გამომხედა. მივუახლოვდი.
– თუ შეიძლება ერთი ბოთლი შამპანური მომეცით, – ვუთხარი ახალგაზრდას.
შეტრიალდა, ერთ-ერთი თაროდან ბოთლი ჩამოიღო და გამომიწოდა. გამოვართვი და პირდაპირ თავში გავუქანე. უგონოდ დაეცა. მეორე, რომელიც წესით მამამისი უნდა ყოფილიყო, აკანკალებული მიყურებდა, თან ცდილობდა ქამრიდან იარაღი ამოეძვრინა. მაშინვე დანა ამოვიღე და ვესროლე. ყელში მოხვდა. რაღაც ქილებით სავსე თაროს შეეჯახა და შელეწა. ქამრიდან იარაღი ამოვაცალე და ვესროლე. ახალგაზრდა მგონი უკვე მკვდარი იყო, მაგრამ მასაც ვესროლე ყოველი შემთხვევისათვის. მაღაზია უპატრონოდ დარჩა, ჩემს ხელში… ყველაფრის აღება შემეძლო… ირგვლივ მიმოვიხედე და ის იყო, რაღაცას დავადგი თვალი, რომ უეცრად საშინელებას მივხვდი… ეს არ უნდა მექნა… 77-ს გადავაჭარბე…

* * *
ასე რომ, ჩემთვის ახალი მიზანი დაისახა – 777…

ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები 3

* * *
თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში ბავშვი დაიბადა. ძალიან საყვარელი. როგორც ამბობენ იღიმოდა და საოცრად მეტყველი თვალებით იყურებოდა…

ბოლო წუთის მერე .
გრძელი, თვალუწვდენელი დერეფანი. თეთრი კედლები, თეთრი იატაკი და თეთრი ჭერი. ძალიან თეთრი. ორივე მხარეს ჩამწკრივებული თეთრი კარებები. თეთრი სახელურებით…

ჩემი სიკვდილი
ქალაქის ქუჩებში ვმოძრაობდი მანქანით. გვერდზე ნიკუშა მეჯდა. ჩვენი `მერსედესი~ ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდებოდა სხვებისაგან, მაგრამ მეორე შეხედვით, ალბათ, ბევრი არ მოიძებნებოდა ქალაქში მანქანა, რომლის საბარგულშიც დიდ პარკში გახვეული გვამი იდებოდა.
მეძებდნენ. კი საიმედოდ ვიმალებოდი, მაგრამ, მაინც ნებისმიერ წუთში შეიძლება მომხდარიყო რაღაც გაუთვალისწინებელი და…
მაინც მაგარი აპასნი ხალხია ძაღლობა. ციხეში დაბრუნება სასტიკად არ მინდოდა… ეს, მგონი, ერთადერთი და თანაც საუკეთესო გზა იყო თავის დასაღწევად…
გვამი ერთი შეხედვით მე ვიყავი, მეორე და უფრო დაკვირვებული შეხედვით კი, გიორგი ჩალაძე (სახელი და გვარი მის საბუთებში ვნახე). საოცრად მგავდა, ფაქტიურად ჩემი ორეული იყო. ძალაინ დიდ ხანს ვეძებდით ვინმე ეგეთს და აი, საბოლოოდ ვიპოვეთ კიდეც. მოვკალი, სახეც დავუსერე ცოტათი. ალბათ, მეც ზუსტად ასეთი ვიქნებოდი მკვდარი. ჟაკეტის ჯიბეში ჩემი პასპორტი და საფულე ჩავუდე. მტკვარში ვუპირებდი გადაგდებას, პოლიცია იპოვიდა, ამოიცნობდა მასში სასტიკ სერიულ მკვლელს და მეც გარდაცვლილად ჩავითვლებოდი.
ყველაფერი გეგმის მიხედვით შევასრულე, მერე კი ჩემს სამალავში შევიკეტე და რამდენიმე დღე საინფორმაციო გამოშვება არ გამომიტოვებია არცერთ არხზე. ბოლო-ბოლო, აი ეს მოვისმინე ერთ-ერთი ჟურნალისტისგან:
– დღეს მტკვარში იპოვეს გვამი, 20-25 წლის ახალგაზრდა კაცისა. იგი მოკლულია ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლის შედეგად, დასერილი აქვს სახეც. ჯიბეში აღმოაჩნდა რამდენიმე პირადი ნივთი, მათ შორის პასპორტიც. როგორც გაირკვა, ეს უნდა იყოს ყველასათვის კარგად ცნობილი სერიული მკვლელი, ზედმეტ სახელად დვალი, იგივე კლიშა, რომელსაც 70-ზე მეტი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, 127 წელი ჰქონდა მისჯილი სასამართლოს მიერ, რომელმაც გაქცევა მოახერხა ციხიდან და რომელიც მთელი ქვეყნის მაშტაბით იძებნებოდა… ახლა ის უკვე აღარ არის, ლეგენდარული სერიული მკვლელი სრულიად აღარ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ამიერიდან ჩვენს ქალაქში სიწყნარე დაისადგურებს…
ბოლო სიტყვებზე ძალიან გამეცინა.

ბოლო წუთის მერე ..
შავებში ვიყავი გამოწყობილი. ქამარში მიმაგრებულ ბუდეში, სასროლი მედო. ერთხანს გაკვირვებული დავდიოდი თეთრ დერეფანში, თუმცა, როცა დავრწმუნდი, რომ არც დასაწყისი უჩანდა და არც ბოლო, სადმე შესვლა გადავწყვიტე. ერთ-ერთ კარს მივუახლოვდი, ყოველი შემთხვევისთვის იარაღი ამოვიღე და სახელური ჩამოვწიე…

მივიწევ 777 – სკენ
ზუსტად 699 ადამიანის მოკვლა მქონდა გადაწყვეტილი. იოლი ხომ არაა? 699… ეხუმრებით ამხელა ციფრს? აბა ერთი დაითვალეთ 699-მდე… მეც ვკლავდი და ვკლავდი… ზოგს როგორ და ზოგს როგორ… ზოგს რის გამო და ზოგს რის გამო, ზოგს სულაც უმიზეზოდ… თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა…

ბოლო წუთის მერე …
საძინებელ ოთახს გავდა, ის კი საიდანაც მე შევედი, ტანსაცმლის კარადას. კარი ღიად დავტოვე, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და იქაურობას თვალი მოვავლე. პატარა ბიჭი იწვა ლოგინში, როგორც ჩანს, ჩემს შემოსვლაზე გამოეღვიძა.
პირდაღებული მიცქერდა. ოთახში საინტერესო ვერაფერი შევნიშნე, აქ არაფერი მესაქმებოდა. იარაღი თავის ბუდეში ჩავაბრუნე და გამეღიმა, ერთი ამბავი გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან… მერე იმ ბიჭს გავხედე და კარადაში შევბრუნდი…
მათხოვარი
ჩემ ძმაკაცს რაღაც საქმე ჰქონდა ბანკში და გავყევი. ის გადავიდა, მე კი მანქანაში დავრჩი. ფანჯარა ჩამოვწიე და ქუჩას დავუწყე თვალიერება. ერთ-ერთი შენობის კედლის ქვეშ მათხოვარი ჩამომჯდარიყო. დაახლოებით ჩემხელა ბიჭი. ბინძური, შავი ფეხები ერთმანთზე ჰქონდა გადადებული და თითქოს  თვლემდა. უეცრად ორი ბიჭი მიუახლოვდა, კარგად გამოწყობილი, ქუჩისბიჭური გარეგნობის ახალგაზრდები იყვნენ.
– შეიძლება? – ჰკითხა ერთ-ერთმა ირონიულად, დაიხარა და მათხოვრის წინ დაყრილი ხურდები მოკრიფა.
იმან თავი ასწია და უკმაყოფილო, ცრემლიანი თვალებით ამოხედა.
– ჰა, რას გვიყურებ ბიჭო, – დაუღრიალა მეორემ და მთელი ძალით გაუქანა მუშტი სახეში.
ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.
სასწრაფოდ გადმოვედი მანქანიდან, იარაღი ამოვიღე და მათკენ წავედი.
დამინახეს, მიხვდნენ, რომ მაგარ შარში გაებნენ და სასწრაფოდ მოხიეს იქიდან. არ გავკიდებივარ. თითქოს გული მიგრძნობდა, კიდევ შევხვდებოდი სადმე. სახეგასისხლიანებულ ბიჭს ჩემი ცხვირსახოცი გადავუგდე და ბანკში შევედი. ას ლარიანი ათ თეთრიანებად გადავახურდავე და უკან გამოვბრუნდი. სულ იმ ბიჭს დავუყარე გარშემო. გაოცებული მიყურებდა. მერე ისევ მანქანაში ჩავჯექი და ძმაკაცს დაველოდე.
ის ბიჭები, მათ ბედად, საბილიარდოში შემხვდნენ იმავე საღამოს. რაღაცაზე შარი მოვდე და ორივე მოვკალი ცემით. სულ ბილიარდის კიები და ბურთები ვურტყი. ნამდვილად ღირსები იყვნენ, ეგ მართლა მათხოვრები.

ბოლო წუთის მერე ….
ისევ თეთრ დერეფანში ამოვყავი თავი. დაბნეული ვიყავი. არ ვიცოდი, რა მექნა. ნუთუ ყველა კარი ბავშვების საძინებლებში შედის… შეუძლებელი იყო. გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი და კიდევ ერთ კარებს მივუახლოვდი…

გზა თბილისისკენ
400 ცხენის ძალა აქვს, მშვენიერი სალონი და უკანაც საკმაოდ დიდი ადგილი ყველაფრისათვის… ქალაქში `ბეემვეთი~
ვმოძრაობდი, `ემპიატით`. იმ დღესაც მცხეთაში ვიყავი, გავათენე ბიჭებთან ერთად. უკანა გზაზე მაგარი მთვრალი დავჯექი რულზე. უკვე თენდებოდა. თბილისისკენ გამოვწიე. აზრზე არ ვიყავი, რა სიჩქარით მოვდიოდი. რამდენჯერმე რულზეც კი ჩამეძინა. უეცრად რაღაცას შევასკდი და მერე გადავუარე. დაახლოებით მივხვდი, რაც მოხდა, ვიღაცას დავეჯახე და ალბათ, მოვკალი კიდეც. არ გავჩერებულვარ. თხუტმეტ წუთში იგივე განმეორდა, კიდევ ვიღაც აღმოჩნდა ჩემი მანქანის ბორბლებ ქვეშ. რა ჩემი ბრალია, რას დადიოდნენ ასე ადრიანად გადასასვლელებზე?! თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული. ხომ იცით, თუ ორჯერ ზედიზედ მოგივა რამე, მესამესაც უნდა ელოდო. ეს მაშინაც გავიფიქრე და გადავწყვიტე მაქსიმალურად ფრთხილად ვყოფილიყავი, თუმცა… უკვე თითქმის სახლთან, სიჩქარეს ცოტათი მოვუმატე და სულ რაღაც წამით გამეფანტა ყურადღება… მოხუცი ქალი იყო… მანქანა გავაჩერე, გადმოვედი, კარგად დავაკვირდი და ბებიაჩემი აღმოჩნდა…
მოდით წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას…

ბოლო წუთის მერე …..
სადაც აღმოვჩნდი, სულაც არ გავდა საძინებელს. საერთოდ სხვა რაღაც იყო… მისი აღწერის უფლება არ მაქვს… აქ არც კარგია და არც ცუდი… აქ მოხვედრას არავის გისურვებთ! მაინც შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი გამიმართლა. მგონი პირველად ცხოვრებაში. საერთოდ, მთავარია თეთრ დერეფანში გააკეთო სწორი არჩევანი… შეიძლებოდა უფრო საშინელ ადგილას მოვხვედრილიყავი, აქ იმის იმედი მაინც მაქვს, რომ კიდევ ერთ შანსს მომცემენ…

მობილური
ჩემთვის ვიჯექი ტოტალიზატორში. უცებ ვიღაც ტიპი მოდის და მეკითხება, ზარს ვერ გამაშვებინებო. კი-მეთქი. ამოვიღე ჩემი ახალი ტელეფონი და მივეცი. ეგრევე მოხია. გავეკიდე და დავიჭირე. სადარბაზოში შევათრიე და პირდაპირ ყბაში გავუყარე დანა. თან ვღრიალებდი, ესეთი რაღაც აღარასოდეს აღარ გააკეთო-თქო, თან ვურტყამდი. თავი რომ მოვთოკე, უკვე მკვდარი იყო. ამ ღრიალს რაღა აზრი ქონდა-თქო, გავიფიქრე, ტელეფონი ავიღე და წამოვედი. უკვე ტაქსში ვიჯექი, ჩემი დანა რომ გამახსენდა. ერთი კვირის წინ ჩამომიტანეს. ძალიან დამენანა ესე უაზროდ დაკარგვა. ვიღაც დამპალი ტიპის ყბაში
ჩარჩა…

ბოლოს წინა წუთი
სასიკვდილოდ ვიყავი დაჭრილი. საავადმყოფოში გადამიყვანეს. ვხვდებოდი, რომ ვერ გადავრჩებოდი. არ მინდოდა ასე სიკვდილი… რეანიმაციის პალატაში ვიწექი ექიმებით გარშემორტყმული და თვალების გახელასაც კი ვერ ვახერხებდი
წესიერად…

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა…
გარეგნობა ძალიან შევიცვალე. თმები გავიზარდე და წვერიც მოვუშვი. უკვე თავისუფლად ვახერხებდი ქალაქში მოძრაობას.
მაინც ვფრთხილობდი, მაგრამ ისე ძაან აღარ მეშინოდა. იმ დღეს, ერთ-ერთ რესტორანში ვიჯექი. ნიკუშასთან და ერეკლესთან ერთად. შეკვეთილი გვქონდა და ველოდებოდით. ჩვენი მაგიდა კარებთან იდგა ახლოს, კარებთან კი ორი შეიარაღებული მცველი იდგა. ყველას ჩხრეკდნენ ვინც კი შემოდიოდა. უეცრად შევნიშნე, რომ ვიღაც ბიჭს მათთან შელაპარაკება მოუვიდა. პატარა ბიჭი იყო, ოცი წლისაც არ იქნებოდა. საიდანღაც მეცნო… მეხსიერება დავძაბე… სახეზე კარგად დავაკვირდი და გამახსენდა… ნუთუ ის არი?.. დაუჯერებელი იყო, მაგრამ… ეს ის ყმაწვილი გახლდათ, ერთ მთვარიან ღამეს, ჩემს მიერ ფანჯრიდან გადმოყრილ მოჭრილ ხელს და ფეხს რომ უცქერდა გაოგნებული… მაშინ გავიფიქრე, იქნებ კიდევ ერთი სასახელო მკვლელი გაეზარდოს ჩვენს ქვეყანას-თქო და მგონი არც შევმცდარვარ… დაცვა მის გაჩხრეკვას მოითხოვდა, ის კი უარს ამბობდა. ხელი ქამრისკენ წაიღო… ჩემი ამბავი გამახსენდა… მეც ზუსტად ასე არ მომივიდა, იმ საღამოს, მერე თავის მოკვლას რომ ვაპირებდი და რომ დამიჭირეს… მივხვდი ახლა რაც მოხდებოდა… ნიკუშას და ერეკლეს ვუყვირე, დაწექით-თქო, მაგრამ უკვე გვიანი იყო… სროლა ატეხა… პირველი ნიკუშა დაიჭრა ფეხში, მეორე ერეკლე, ისიც ფეხში, ბოლოს კი მეც მომხვდა… ოღონდ გულთან ახლოს… მერე აღარაფერი მახსოვს რა მოხდა, რეანიმაციაში მოვედი გონს…

ბოლო წუთი
მთელი ჩემი ცხოვრება დამიდგა თვალწინ. მეზობელი ლევანი, ფიზიკის მასწავლებელი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი ცურვაში, მოხუცი მემაწვნე, მარშუტკის მძღოლი, ბებიაჩემი…
ერთადერთი გოგონა, რომელიც მიყვარდა და რომელიც მე თვითონ მოვკალი… კიდევ ბევრი რამე… მივხვდი, თუ რა მოკლე იყო ის გზა, რომელიც მე გავიარე და რა უაზრო… არადა, კიდევ რამდენი საინტერესო მკვლელობის ჩადენა შემეძლო… თვალები უკანასკნელად გავახილე და მოვკვდი…

ბოლო წუთის მერე ……
მომცეს კიდევ ერთი შანსი! თავიდან დავიბადები. პატარა არჩევანის საშუალებაც მქონდა… ერთი მშვენიერი ცოლ-ქმარი ავირჩიე… რამდენიმე საათში თავიდან დავიბადები და აღარაფერი მემახსოვრება…

* * *
თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში ბავშვი დაიბადა. ძალიან საყვარელი. როგორც ამბობენ იღიმოდა და საოცრად მეტყველი თვალებით იყურებოდა…
გოგონა იყო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s