Jingle Bells


_ მასწავლებელმა ჩემდათავად ვინც კიდე გაპატიოსო და იმდენი რაღაც

ჩამომითვალა, ეს უნდა ჩამაბაროო, ნახევარი სათაურები ვერ დავიმახსოვრე. ხვალ მე არ ვიქნებიო და ზეგ ბოლო შანსი გაქო.
_ მკაცრი ქალია?
_ არა რა მკაცრი. ახალგაზრდა გოგოა, მაგარი. ფილოლოგიური დაუმთავრებია და ეგრევე სკოლაში გაიჩითა. ეხლა იქნება გძეტა ზატრიცაწ. რამე რომ მესწავლა კი არადა, მაგის გაკვეთილებზე მაინც რო შევსულიყავი, დამიწერდა ნიშანს. ბავშვები მეუბნებიან მაგრად ესიმპატიურებიო, მარა წყინსო რო არც სწავლობ და არც ესწრებიო და შეიძლება მართლა გაჯახოს ორიანიო.
_ ეე, აბა შენა ხარ. სახლში იციან?
_ არა ტო, როგორ ვუთხრა. მამაჩემი გამიგიჟდება. სხვა რაღაც რომ იყოს კიდე
ხო, ჯანდაბას, მაგრამ ქართული?!
_ უნდა ისწავლო რა.
_ უეჭველად.
_ ხოდა დღეს ბევრს ნუ დალევ.
_ მოიცა კაცო, ყოველდღე ხო არ ჩამოდის გიგი. კარგი ღვინოა და ხვალ
ვიმეცადინებ…
* * *
ღვინო მართლა კარგი იყო, თან არაფერში ამირევია და უშფოთველად მეძინა… დილით ჩემს ოთახში ოდნავ ღიად დარჩენილი ფანჯრიდან, სქელი ფანტელები შემოფრიალდნენ. გამომეღვიძა. აჰა! თოვლიღა აკლდა ნამდვილ საშობაო განწყობას და ესეც მოვიდა!.. სკოლაში შევირბინე პატარ-პატარა პრობლემების მოსაგვარებლად. მერე ბიჭებმა მოდი ცოტა გავხურდეთ უცებო და ბურთი გავაგორეთ ატალახებულ მოედანზე. მაიკომ წიგნს, საიდანაც უნდა ისწავლო, მე და გვანცა მოგიტანთო და წამოვედი. ვიფიქრე მივალ სახლში, დავისვენებ, ამასობაში გოგოები წიგნს მომიტანენ და ჩავუჯექი ინტერნეტს. აქეთ MSN, იქეთ Yahoo, Avoe, Download და გავიდა ორი საათი. სახლში მარტო ვარ და როცამარტო ვარ, ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე – დაჯე, იმეცადინე და რაზეა ბაზარი, ათ წუთში დავჯდები… და გადის ეს ათი წუთი შვიდჯერ, რვაჯერ, მერე, ჰო ჰო აი
ხუთი წუთიც და ვსო… და ხუთი წუთიც გადის თვრამეტჯერ და მოკლედ ვრჩები ასე… მაიკომ დარეკა, მოვრჩით მათემატიკასო, ექვსზე ინგლისური გვაქვს და იქამდე შემოგირბენთო. მეთქი მოდით და მოვიდნენ.
_ რას შვები ლადუშ?
_ რავი აბა, თქვენ?
_ აჰა შენ, მოგიტანე წიგნი და ერთი არ გისწავლია ხვალისთვის! _ მზრუნველად
გამიღიმა მაიკომ.
_ არა რა ლადუშ, მართლა არ შეიძლება ეგრე, იმ ქალს სულ ნუ გააგიჟებ.
არადა ხო იცი როგორ უყვარხარ.
_ კი, კი, ვისწავლი. თქვენ რო წახვალთ ჩავუჯდები და ვისწავლი.
_ ჩვენ ეხლავე წავალთ თუ გინდა.
_ არა არა მაიცა, იყავით რა.
_ ხოო? კაი მაშინ ექვსამდე ვიქნებით, ოღონდ მერე მართლა ისწავლე.
_ იცოდე ეკასთან არ წამოგცდეთ რამე, არ იცის ეგ ბაზარი, ორის გამოყოლებას რო მიპირებს და რამე. მერე მამაჩემმაც უნდა გაიგოს და არ მინდა რა.
_ არ ვეტყვით, მაგრამ შენ ხო ისწავლიი?
_ კი კი.
_ ისე სადაა ეკა? _ დედაჩემთან მაგრა მეგობრობენ. ხანდახან მე საერთოდ არ ვარ ხოლმე სახლში, ესენი მოდიან და საათობით ჭორაობენ.
_ ნათლულის მოსანახულებლად წავიდა. აზზე ხარ, ალექსანდრე ერთი წლის ხდება უკვე.
_ ვაიმე, გენაცვალეე.
_ თოვს ხო?
_ ხო, მაგრამ არ დადებს ალბათ. ძაან არ ყინავს.
_ მთავარია რო თოვს.
_ აუუ რა მაგარიაა, ერთ კვირაში ახალი წელია უკვე! მიდი რა ლად, Jingle Bells ან რამე საახალწლო ჩართე…
_ აუ შარვალი მინდა ვიყიდო.
_ ლევისში არაფერი არ დევს ახალი.
_ მექსშია კაი რაღაცეები…
_ Jingle Mexx, Jingle Mexx!.. აუ გავრეკეე. ახალი წელი მინდაა…
მერე მალე წავიდნენ და ბოლო-ბოლო დავჯექი… აბა რითი დავიწყოოთ…
სამანიშვილი, ჰაკი აძბა, ჯაყო… ჯაყო, ჰაკი აძბა, სამანიშვილი… ჰაკი აძბა, ჯაყო სამანიშვილი… ჯაყო აძბა, ჰაკი სამანიშვილი… აუუ მეზზზზზარებაა… ზზზზზზზ… ვახ ჩემი, ვინაა ნეტა?
_ ვინ არის?
_ გააღე ლადუშ, _ მამაჩემი! ეე, როდის იყო ამ დროს მოდიოდა, _ რა იყო, არ მიშვეებ? _ სველი ქურთუკი გაიხადა და შემოსასვლელში რაღაც დიდი პარკი მიაყუდა. მე ოთახში დავბრუნდი და ამორჩევა განვაგრძე. ის იყო გადაწყდა სამანიშვილი, რომ
_ მისდღემში არ გიმეცადინია და ეხლა რა აგიტყდა? სკოლაში ხო არ გაქ რამე პრობლემები?
_ არა, არა კაცო, რა სისულელეა.
_ აბა მოდი მაშინ და დამეხმარე. ნახე რამხელა ხელოვნური ნაძვი ვიყიდე
დანიურში. ნამდვილები მაინც აკრძალეს… ხოდა ყოველ წელს დედა რო
აწყობს, მოდი ერთხელ ჩვენ ავაწყოთ. თან სურპრიზი გამოგვივა.
სურპრიზ! აუუ, რა დროს ეს იყო. დაიკარგა რა საღამოც და დავრჩი ხეზე!
ნაძვის!
_ ხო ეკა, მე ვარ… რას შვები? მომიკითხე, მომიკითხე… შენ რას აპირებ?.. მალე წამოხვალ?.. კაი… არა, არ იჩქარო… კაიი…
_ მოვასწრებთ! _ გადაწყვიტა მამაჩემმა და მართლა ცხოვრებაში რო არ
აგვიწყვია, დავიწყეთ წვალებ-წვალებით. გაგვიტყდა სათამაშოები, ნათურები გადავწვით, კიბიდან გადმოვარდი კინაღამ და ფარდა ჩამოვხიე, მაგრამ მაინც გამოგვივიდა რაღაც… ეკას მართლა მაგრა გაუხარდა. მერე ვივახშმეთ და მეთქი წავედი დავიძინე, დაღლილი ვარ-თქო…
_ ესე ადრე? _ გაუკვირდა ეკას, _ სკოლაში არ დაგითხოვეს?
_ ხვალ მითხოვენ.
_ და მიდიხარ ხვალ?
_ ხო რავი, წავალ ბავშვებს დავემშვიდობები.
_ კაი დედი, ძილი ნებისა…
ჩემს ოთახში შევედი, ჩავწექი და კითხვა დავიწყე… მამაჩემმა რამდენჯერმე შემოიხედა, გძინავს თუ არაო და საეჭვოდ აათვალ-ჩაათვალიერა ჩემი გადაშლილი წიგნები. უკვე საკმაოდ რომ გადაცდა შუაღამეს, გადავბრუნდი, ვითომ მძინავს და ესე გავედი შუამდე… მერე ეკა შემოვიდა, საბანი გამისწორა და მაკოცა… ალბათ სულ ესე აკეთებს ხოლმე… რა მაგარია… ჯაყოს დედინაცვალი… ჰაკი აძბა იყიდება… საქართველო უგმიროდ… თავსაფრიანი ტრაგედია… სამანიშვილის ხიზნები… მაშ, მაშა, აგრე ვიცის ჯაყომა!.. უნებართვოდ შემოჭრილ მზის სხივს თვალი გავუსწორე და გავიზმორე. ჩამძინებია და გათენებულა… რომელი საათია ნეტა? იქვე თაროზე მობილური მოვიძიე ხელის ფათურით, დავხედე და სუნთქვა შემეკრა! ორის ნახევარი!! აუუ… ამან რატო არ დარეკა ნეტა?! ან ვერ გამაღვიძეს?! ააა… სკოლა ახლოა, ორი ქუჩის გადაღმა, მაგრამ… აუუ, ეს რა მომივიდა. სწრაფად გამოვეწყვე, სახეზე
ცივი წყალი შევისხი და მოვკურცხლე. წიგნი არ უნდა წამომეღო? არა უშავს, მთავარია მასწავლებელს მივუსწრო და წიგნს კი ვიშოვი მერე სადმე. სკოლის წინ თითქმის არავინ იდგა და არც შიგნიდან ისმოდა ჩამი-ჩუმი. შევარდი, მესამე სართულზე ავირბინე და ჩემი კლასის კარებზე დიდი ბოქლომი! ფუ! სად გაქრა ყველა? ამ დროს სასწავლო ნაწილს მოვკარი თვალი.
_ ნელი მასწ, ხომ არ იცით ირმა მასწავლებელი სად შეიძლება ვნახო?
_ დარბაზში რატომ არ ხარ? _ კითხვითვე მიპასუხა ნელი მასწმა და ახლაღა
შევნიშნე მისი პალტოს ქვეშ, თეთრი კაბა, _ არ იცი, რომ დღეს საშობაო
კარნავალია?
_ უი, სულ დამავიწყდა.
_ წამოდი, წამოდი, მეც იქეთ მივდივარ.
კარები შევაღეთ და სანტა-კლაუსის ქუდჩამოფხატული დირექტორის
დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე. სამასკარადო კოსტუმებში გამოწყობილი
ბავშვები ცეკვავდნენ, მღეროდნენ აქეთ-იქეთ დახტოდნენ. ჩემ დამრიგებელს და რამდენიმე კლასელსაც მოვკარი თვალი, მაგრამ რა მეკარნავალება, ირმა სად არის ნეტა?! ამ დროს მხარზე ვიღაცამ ხელი დამადო და შემოვბრუნდი.
_ ვიცეკვოთ ოროსანო? _ თმებჩამოშლილი ირმა მასწავლებელი გრძელ
ცისფერ მოსასხამში გამოწყობილიყო.
_ ორი გამომაყოლეთ მასწ? _ საცეკვაოდ გამოწვდილი ხელი ჩამოვართვი და
ამ დროს Let it Snow ჩაირთო.
_ ვნახოთ როგორ ცეკვავ.
_ მთელი ღამე ვმეცადინეობდი და გამთენიისას ჩამძინებია, თითქმის ყველაფერი ვისწავლე.
_ ჰოო?
_ მაღვიძარამაც არ დარეკა, ან დარეკა და…
_ ცეკვაში არაგიშავს… აბა ცოტა მარჯვნივ…
_ გამომასწორებინებთ?
_ მოძრაობები უნდა დახვეწო…
_ ნიშანი? _ ხელი ავწიე და ირმა მასწავლებელი დატრიალადა.
_ კარგია, მომწონს.
_ ორიანია კარგი?
_ რა სულელი ხარ.
_ იქითა სემესტრიდან გამოვსწორდები.
_ ჩჩ…
ამასობაში დირექტორმა სასწავლო ნაწილი გაიწვია საცეკვაოდ და მალე
მთელი დარბაზი წყვილებით გაივსო. იმ დღეს სამიანები თოვდა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s