ლერმონტოვი მალე მოკვდება


– ბავშვებო, დღეს ლერმონტოვის ბიოგრაფიას ჩავიწერთ, – მარინა ვლადიმეროვნამ კაბაზე ჩამოისვა ხელი, – აბა, აბა, მოვიმარჯვეთ რვეულები, პასტები… ვიწყებ… ცნობილი რუსი მწერალი, მიხეილ იურევიჩ ლერმონტოვი…
– რამდენ ხანს იცოცხლა ვლადიმეროვნა მასწ? – წამოდგა გიო.
– სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა, 27 წლის იყო.
– ძალიან კარგი.
– რა არი ბიჭო კარგი?!
– რა და მოკლე ბიოგრაფია ექნება და მალე მოვრჩებით ჩაწერას.
– დაეგდე!… მიხეილ იურევიჩ ლერმონტოვი დაიბადა 1814 წელს, მოსკოვში, სამეფო ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა და ბებია ზრდიდა…
– კარგით რა მასწ, თქვენ ეგ ყველაფერი მშვენივრად იცით, ჩვენ კიდე არ გვაინტერესებს. აბა რაღა აზრი აქვს ჩაწერას? – ვეუბნები მე.
არ იმჩნევს და აგრძელებს.
– მომავალი პოეტის ცხოვრებასა და შემდგომ მის შემოქმედებასაც დიდი კვალი დაამჩნია კავკასიაში მოგზაურობამ ათას რვაას…
– მაგ მოგზაურობის დროს მოკვდა? – აწყვეტინებს ერეკლე.
– ჩახავა!
– ჰო, მაპატიეთ მასწ, მოკვდა არა, გარდაიცვალა.
– არა! …1820-25 წლებში. თოთხმეტი წლის ასაკში ჩააბარა მოსკოვის საუნივერსტეტო პანსიონში, ორი წლის შემდეგ კი…
უკვე მეზარება წერა… საზამთროს დიროლსაც გემო გაუვიდა. გადავგდებ… მაგრამ სად ჯანდაბაში?! უკან არავინ არ მიზის, წინ ორი შკოლნიცა. დღეში შვიდჯერ დაბანილ-გასწორებული თმებითა და ბებიაჩემის დროინდელი ბაფთებით… ახლა ამათი ვარცხნილობის გაფუჭება, სამშობლოს ღალატია… ძირს ვერ დავაგდებ, მერე ვიცი, ისევ ჩემი ბოტასის ძირზე აღმოჩნდება… ნაგვის ყუთამდე რა წავა… თუმცა რატო ვფიქრობ ამდენს, აგერ ფანჯარაა ღია… მოვისროლე და უცებ…
– დედა მოვტ… – მომესმა ქვემოდან. ვიცანი…
არ გასულა რამდენიმე წუთი, ჩვენი კლასის კარები რეზი ბურჯანაძემ შემოაღო. მასწავლებელს თავი დაუქნია,  გამარჯობაო, კლასს თვალი მოავლო და პირდაპირ ჩემზე შეაჩერა მზერა.
– რა გნებავთ? – იკითხა გაკვეთილის შეწყვეტით უკმაყოფილო ვლადიმეროვნამ.
– ბახტაძეს გავიყვან ორი წუთით, თუ შეიძლება, – სათნო გამომეტყველება მიიღო და ჩემსკენ გამოიშვირა თითი. ახლაღა შევნიშნე მის მუქ, გრძელ ხუჭუჭა თმებში პატარა, თეთრი… და მივხვდი, რომ საბოლოოდ დამერხა…
`არა, არა, არა, – თვალებით შევევედრე მასწავლებელს და ნიტო გავთეთრდი, ნიტო გავმწვანდი.
– საერთოდ არ შეიძლება, მაგრამ ბახტაძე, იცოდე წუთნახევარში დაბრუნდები უკან.
წამოვდექი და სიკვდილმისჯილივით გავემართე კარებისაკენ, რომელშიც რეზი ბურჯანაძე მელოდა ბოროტი ღიმილით… რეზი ბურჯანაძე!.. სწორედ ის მეთერთმეტე კლასელი, რომლის სახელის გაგონებაც მთელ სკოლას შიშის ზარს სცემდა… რომელიც მუდამ უსიამოვნებებს ეძებდა, პოულობდა და მერე ოოო… ორჯერ `გადაუვარდა~ საკმაოდ ვაჟკაცი ბიჭები მეორე სართულის ტუალეტის ფანჯრიდან… წაეკამათნენ უბრალოდ… ყველა ერიდებოდა, ყველაფერს უსრულებდნენ, ეშინოდათ… აბა ვინმეს გაებედა და შეწინაამღდეგებოდა რამეზე. ღმერთი სამობით არისო, იტყოდა ალბათ მერე უცოდველი სახით… ახლა კი, იდგა ასე ბოროტი ღიმილით ჩემს მოლოდინში და მის უკან კიდევ მისი ძმაკაცები იდგნენ…
აშკარად დამერხა, მაგრამ იქნებ რამე… უცებ გამინათდა… ხელი ჯიბეში ჩავიყავი, იქ დარჩენილი ერთი საღეჭი რეზინი სწრაფად ამოვაგდე პრიალა ქაღალდიდან, მუჭში მოვიქციე, მერე კი მასწავლებლისკენ შევბრუნდი და ახლავე მოვალ-თქო ვუთხარი რამდენადაც შემეძლო უდარდელად. ამასობაში ხელი პირთან მივიტანე, ჩამახველა ვითომ და… გარეთ უფრო თამამად გავედი, კლასის კარებიც თვითონ მოვიხურე ხმაურიანად…
ოთხნი იყვნენ. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ…
– წამოდი! – ისეთი ხმით მითხრა ენა მუცელში ჩამივარდა.
დერეფნის ბოლოს, კუთხეში გავჩერდით და სილა მომხვდა სახეში…
– რა გინდა?! – წამოვიყვირე, თითქოს არ ვიცოდი, რაც უნდოდა.
– ეს რა არის?! – შუაგულში, ლამის თმის ძირებამდე ჩასწებებოდა…
– მე რა შუაში ვარ?
– რა ვიცი, რატომღაც ისე დაემთხვა, რომ მე ზუსტად იმ ფანჯრის ქვეშ ვიდექი, რომელთანაც შენ იჯექი!..
– ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობ, – გავხედე გულუბრყვილოდ, მან კი ერთი საჩვენებელი თითი თავზე მომიკაკუნა და მეორე ხუჭუჭაში ღრმად ჩამჯდარ, კარგად დაღეჭილ დიროლზე დაიდო…
– მერე მე რა შუაში ვარ? – გავიმეორე უაზროდ, – მე ჩემი ჟუაჩკა აგერ მიდევს პირში, – კბილებს შორის მოვიქციე და ვაჩვენე.
ამას არ ელოდა. წამით ჩაფიქრდა…
– მე რა ვიცი, იქნებ ეხლა ჩაიდე?! – დამაკვირდა გამომცდელი თვალებით.
– შეამოწმე თუ გინდა.
– რაა?!
– რა და შეამოწმე, – პატარა დაბნეულობით გათამამებულმა, ჟუაჩკა ამოვიღე და გავუწოდე, – დაღეჭე. ადვილად შეატყობ ახალი ჩადებულია თუ ძველი. ან გემო ექნება გასული, ან…
კიდევ ერთი სილა მომხვდა. ისევ იმ მხარეს…
– ახლა კლასში შეეთრიე შე ლაწირაკო და მეორედ თვალში არ მომხვდე იცოდე!.. გაიგებ ეს ვინ გააკეთა და მეტყვი! გასაგებია?! – თავი დავუქნიე, დინჯად გამოვედი დერეფნიდან და ჩემს კარებს მივუახლოვდი…
– აუფ, ეს კიდევ ცოცხალია? – შემიცხადა ერთ-ერთმა თანაკლასელმა.
– მეე? – შევიცხადე მეც და აწითლებულ ლოყაზე ხელი მივიდე.
– შენ არა, ლერმონტოვი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s